პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტთან მიმართებაში დაკისრებული ვალდებულებები არა სახელმწიფომ, არამედ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეასრულა.
ვაშინგტონის არბიტრაჟმა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ქონია. საარბიტრაჟო ტრიბუნალის დადგენილებით, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი მხოლოდ ინვესტორია და მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო. დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები დღეს ამტკიცებდნენ, რომ სამართლებრივი დავა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორ ბობ მეიერსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობდა და საქმესთან "ლელოს" ლიდერებს კავშირი არ აქვთ. გიორგი გახარიას პარტიაში კი, რომელსაც წლების წინ მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხებაში პირდაპირ ადანაშაულებდა, ახალი პოლიტიკური მოცემულობის გამო შეფასებებისგან თავი შეიკავეს.
ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟშიც წააგო. მომჩივნები მაშინ ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა, პირიქით, მათ დაეკისრათ. მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, პარიზსა და ვაშინგტონში, სასამართლო არბიტრაჟების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ სპეკულაციებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
უკვე ორი საერთაშორისო არბიტრაჟი, ანაკლიის პორტის საქმეზე, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ორივე შემთხვევაში, სოლიდური კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, მომჩივან მხარეს დაეკისრა.