ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ამერიკაშიც წააგეს და ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
დადგინდა, რომ ინვესტორმა სახსრები საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია, მთავრობის მხრიდან კი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, დადასტურდა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მატყუარები არიან" და "ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან".
"მგონი, მსოფლიოში აღარ დარჩა არც არბიტრაჟი და არც სასამართლო, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე არ დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან მატყუარები, თაღლითები და იბრძვიან, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც უნდოდათ, რომ მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ ქართული საზოგადოების ჯიბეებიდან და ამით ხელი მოეთბოთ, რაშიც დამნაშავედ ცნო, პარიზის არბიტრაჟმაც, ახლა რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებაც ვნახეთ და მისი "გაპრავების" მცდელობაც - ჩვენ არ ვყოფილვართ, მხარეები ჩვენი პარტნიორები არიანო", - განაცხადა არჩილ გოდოლაძემ.