20 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
ერთი პარტიის ორი წევრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციისთვის წყალგამყოფი ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული რევოლუციის თარიღი აღმოჩნდა

ერთი პარტიის ორი წევრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არც აზრთა სხვადასხვაობა აქვთ და არც დაპირისპირება. მაშინ, როცა სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილი ამბობს, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ განისაზღვრება, ხაბეიშვილი პოლიტიკური რეალობის შეცვლას 4 ოქტომბერს აანონსებს.

ყოფილ თავმჯდომარეს ბრძოლის სტრატეგიას მოქმედი უწუნებს. ბოკუჩავა ხაბეიშვილს საყვედურობს და ამბობს, რომ ხალხში არასწორი მოლოდინის შექმნა უპასუხისმგებლობაა.

ამ სიტყვების ადრესატი ლევან ხაბეიშვილია, თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვინც 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. საოპერო სცენიდან პოლიტიკაში წასული პაატა ბურჭულაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ეროვნულ კრებას აანონსებს. სმარტფონებით არჩევნების ჩატარების იდეის ავტორს, გვერდს ლოტოტრონის პრინციპით არჩევნების ჩატარების ინიციატორი - მურმან დუმბაძე უმაგრებს.

რეალური ბრძოლის ველი გახარიას გუნდისთვის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ამიტომ ექსპრემიერის პარტია კოლეგებს 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და სხვა ოპონენტების განცხადებები , მმართველი გუნდისთვის აღიარებაა, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და რევოლუციური პროცესების განვითარებაა. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილი ხმამაღალი განცხადებებით პოლიტიკური წონის მომატებას ცდილობს, თუმცა როგორც წარსულში, ისე მომავალში, ოპოზიციის გეგმები რეალობად ვერ იქცევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციისთვის წყალგამყოფი ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული რევოლუციის თარიღი აღმოჩნდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები