08 ივნისი 2026,   22:31
ვრცლად
საზღვრის კვეთის მომზადებისთვის მიგრანტისგან დიდი ოდენობით თანხა აიღეს - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი

ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ იღებს უკანონოდ, საზღვრის კვეთის მომზადებისთვის თანხას მიგრანტისგან ორგანიზებული ჯგუფის წევრი.
მოსამართლის განჩინებით მოპოვებული ამ მტკიცებულების საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები მიგრანტს 5 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, "სარფის" გავლით, თურქეთში სატვირთო ავტომანქანით ფარულად გადაყვანას დაჰპირდნენ. მოხდა თანხის საკონტროლო გადაცემაც.

საგამოძიებო მოქმედებებისას ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ორგანიზებული დანაშაულისთვის დაკავებულებს შორის საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-344 მუხლით. დაკავებულებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები