"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.
დედაქალაქის მოქმედ მერს მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ დაასახელებს. ინფორმაცია უკვე გავრცელდა პარტიის "ფეისბუქის" გვერდზე.
პარტიის პრეს-სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ წარდგენის ოფიციალური ღონისძიება ხვალ გაიმართება. კახი კალაძე ორი ვადით არის ქალაქ თბილისის მერი. ის ასევე იკავებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კახა კალაძისნაირი კანდიდატურა სანატრელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის.
"ბატონი კახისნაირი კანდიდატურა სანატრელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. იგი არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა ბატონს კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. იგი გააგრძელებს შრომას იმისათვის, რომ ყველა პრობლემა აღმოიფხვრას და თბილისი კიდევ უფრო გალამაზებული იყოს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოგვარდეს თბილისის მოსახლეობის ის ყოფითი პრობლემები რაც არის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.