საფრანგეთისა და უნგრეთის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმებით უკმაყოფილოა გერმანიაც. ფრიდრიხ მერცი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებული სავაჭრო ტარიფები, არამხოლოდ გერმანიის ეკონომიკას, არამედ ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც დააზარალებს. ურსულა ფონ დერ ლაიენს გადაწყვეტილებას უწუნებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტიც.
ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დადებული შეთანხმება რამდენიმე პირობას მოიცავს. გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი ამერიკისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგო რესურს და სამხედრო შეიარაღებას შეისყიდის, ასევე ბრიუსელი აშშ-ში ეკონომიკაში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შოტლანდიაში დადებულ გარიგებას აფასებენ თბილისშიც. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ შეთანხმება ევროკავშირისთვის წამგებიანია, რაც მომავალში ევროპაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეულ შეთანხმებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ევროპული ქვეყნების ლიდერების კრიტიკას კრიტიკით არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ ორ გაერთიანებას შორის შეთანხმება კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.
სავაჭრო ომის თავიდან აცილების მიზნით დადებული შეთანხმება კიდევ ერთ პუნქტს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, ამერიკა მთავარ სავაჭრო პარტნიორს იმპორტირებული საქონლის დიდ ნაწილზე 30-ის ნაცვლად 15%-იან ტარიფებს დაუწესებს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკის დღის წესრიგის გატარება შეძლო, ევროკავშირს კი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად სტაბილური ეკონომიკური გარემო შეინარჩუნა, რაც პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა.
დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენი გუშინ შოტლანდიაში უმასპინძლა. შედეგად თეთრი სახლი და ბრიუსელი ახალ სატარიფო პირობებზე შეთანხმდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. მათზე მსოფლიო ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდის.