ოპოზიციაში ამბობენ, რომ "გორბის" სოციოლოგიურ კვლევას არ ენდობიან, თუმცა ერთმანეთის პოლიტიკურ წონას მაინც მისი რეიტინგებით ზომავენ. "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც მუნიციპალურ არჩევნებს პარტია "ახალთან" ერთად ბოიკოტი გამოუცხადა, ოპოზიციურ შკალაზე დაქვეითებას არ აღიარებს. "ლელოს" და გახარიას პარტიას კი კოლაბორაციონიზმში ღიად ადანაშაულებს.
კოლეგებს პოლიტიკური ვექტორის გასწორებას ურჩევენ საარჩევნო მემორანდუმით დაკავშირებული "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის". "გორბის" გამოკითხვის შედეგებით, ორივე პარტია "ნაცმოძრაობას" რეიტინგით საგრძნობლად უსწრებს. გახარია-ხაზარაძის გუნდში აცხადებენ, რომ პარტიების ელექტორალური განვითარება საარჩევნო პროცესში მონაწილეობასთან პირდაპირ კავშირშია, რაზეც "ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, აქტიურად მუშაობენ.
დაპირისპირების მიუხედავად, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში საერთოს უფრო მეტს ხედავს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ უცხოელი ლობისტები "5" ნომრის წამგებიანობას მიხვდნენ და ახლა ფსონს ანალოგიური ძალის რებრენდინგზე აკეთებენ.
სოციოლოგიურ კვლევას, რომელმაც ოპოზიციის რეიტინგების ცვლილებასთან ერთად, მმართველი გუნდის მაღალი მხარდაჭერა დაადასტურა, დღეს პარლამენტის სპიკერიც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის აზრით, მიუხედავად სტაგნაციისა, ოპოზიციას თვითმმართველობებში წარმომადგენლების გაყვანის შანსი აქვს. არჩევნებზე უარი კი, მათ სრულ გაკოტრებას გამოიწვევს.
სოციოლოგიური გამოკითხვა თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე "გორბმა", ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 56 პროცენტს აჭარბებს, მეორე ადგილზე კი "ლელო" მოდის 10.7 პროცენტით.