რა არის "დიფ სთეითი" და რატომ გამოუცხადა მას ომი ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა? მიზეზის მოსაკვლევად წარსულში უნდა დავბრუნდეთ და 2016 წლის შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გავიხსენოთ. სწორედ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მალევე, აქტიურად ჩნდება ცნება "დიფ სთეითი" ამერიკულ ლექსიკონში.
ღრმა სახელმწიფო, სახელმწიფო სახელმწიფოში, ან თუნდაც ჩრდილოვანი მმართველობა - ანუ ტერმინი, რომელიც აღწერს არაოფიციალურ, მაგრამ ძლიერ ბიუროკრატიულ, სადაზვერვო და სამთავრობო ქსელს, რომელიც შესაძლოა აკონტროლებდეს პოლიტიკური პროცესების კურსს არჩეული ხელისუფლების მიღმა. შტატებში ჩრდილოვან მმართველობას დიდი ისტორია აქვს. არაერთი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კენედიმ, კარიბის კრიზისი სწორედ "დიფ სთეითის" დახმარებით საიდუმლო შეხვედრის დროს, ჯორჯთაუნში, ვაშინგტონში განმუხტა.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ კენედის მკვლელობაშიც სწორედ "დიფ სთეითის" კვალი იკვეთება.
"დიფ სთეითი", ტრადიციული გაგებით, არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაცია ან სახელმწიფო ორგანო. ის არის გავლენიანი ჯგუფების ერთობლიობა, რომელიც შედგება: სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის უწყებების გავლენიანი ელიტისგან. ასევე, ფინანსური და კორპორაციული ინტერესების გამტარებლებისგან, ლობისტური ქსელებისა და პროსისტემური მედიისგან. ეს ძალები ხშირად ავითარებენ პოლიტიკურ ნარატივებს, რაც ორიენტირებულია ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენაზე. საბოლოო მიზანი კი ემსახურება უპირატესობის შექმნას ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ.
"დიფ სთეითში" შემავალი პირები არ არიან დემოკრატიული გზით არჩეულები, ისინი არ სხედან არც კაპიტოლიუმის შენობაში, არც თეთრ სახლში. მიუხედავად ამისა, ურევია თუ არა ჩრდილოვანი მმართველობის ხელი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ სკანდალში? "რაშაგეითი“ სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ მოვლენას, თითქოს 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალი იკვეთება, დონალდ ტრამპმა კი არჩევნები სწორედ მათი ჩარევის შედეგად მოიგო. ტრამპმა, თავის მხრივ, ბრალი დასდო დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებს – მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას – იმაში, რომ მათ აამოქმედეს "დიფ სთეითი" მის წინააღმდეგ. ტრამპის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ დაავალა FBI-ს, CIA-ს და სხვა დაზვერვის ორგანოებს რესპუბლიკელების გუნდის ფარული მონიტორინგი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია, თითქოს ის რუსეთის მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში.
სულ ახლახან კი, ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა სააშკარაოზე გამოიტანა 100-მდე დაკლასიფიცირებული დოკუმენტი. ფაილების მიხედვით, ტულსი გაბარდი სწორედ "დიფ სთეითს" ამხელს. გაბარდის თქმით, ბარაკ ობამა ჩრდილოვანი მმართველობის კარნახით მოქმედებდა და სწორედ ობამას სდებს ბრალს სადაზვერვო ინფორმაციის ფალსიფიცირებასა და სახელმწიფო ღალატში. არ გამორიცხავს ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას.
ხელწერა ნაცნობია, ნარატივი უცვლელია და ეგრეთ წოდებული "დიფ სთეითის" მხრიდან პრორუსული იარლიყიც არახალია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ სწორედ მოგონილ იარლიყებს იყენებს "დიფ სთეითი" მისთვის არასასურველ ხელისუფლებებსა და პოლიტიკურ ძალების დისკრედიტაციისთვის.
სად მთავრდება სახელმწიფო ინსტიტუციების გავლენები და იწყება ფარული ძალების, ფარული ჩარევა, შანტაჟის, დასმენისა და ინფორმაციის ფალსიფიცირების გზით? მონმუთის უნივერსიტეტის 2018 წლის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელებს ჰკითხეს, რამდენად ნაცნობი იყო მათთვის სიტყვა "დიფ სთეითი“. გამოკითხულთა 13%-მა თქვა, რომ ეს სიტყვა იცოდა, 24%-ს უბრალოდ გაგონილი ჰქონდა, 63%-სთვის კი ეს სიტყვა სრულიად უცხო იყო. თუმცა ,როდესაც გამოკითხულებს ტერმინი განუმარტეს, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ არჩეულები დემოკრატიული გზით და იყვნენ სამხედრო პირები, რომლებიც საიდუმლო გზებით ახდენდნენ გავლენას ეროვნულ საკითხებზე, 74%-მა უპასუხა, რომ ვაშინგტონში მსგავსი ორგანოს არსებობის სჯერათ.
"დიფ სთეითი" უკვე არაერთ საუკუნეს ითვლის. ამას მოწმობს სიტყვის ეტიმოლოგიური ფესვებიც. ტერმინი მომდინარეობს ოსმალეთის იმპერიიდან.(Derin Devlet), ანუ თურქულად სიტყვა სიტყვით, ღრმა სახელმწიფო, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული გულისხმობს სამხედრო-ბიუროკრატიულ ელიტას, რომელიც ჩრდილიდან მართავდა სახელმწიფოს. შეერთებულ შტატებში ჩრდილოვანი მმართველობის გარდამტეხ მომენტად კი 1947 წლის 26 ივლისი მიიჩნევა. სწორედ ამ დღეს მოაწერა ხელი ამერიკის 33-ე პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შექმნას. თუმცა მალევე, 1963 წელს ჰარი ტრუმანმა აღიარა, რომ მისმა შექმნილმა "სი აი ეიმ" თავის პირვანდელ მნიშვნელობას გადაუხვია და განმარტა კიდეც, რომ ეს სააგენტო გახდა მთავრობის დღის წესრიგის მდგენელი.
ავტორი: სანდრო სანაია