წითელი ნუსხით დაცული კავკასიური ირმების ჯგუფი ბუნებაში პირველად აღმოჩნდა. ეკოსისტემით გამორჩეულ ალგეთის ეროვნულ პარკში საშენი მეურნეობა 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაცული ტერიტორია, რომელიც წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყით არის დაფარული, ყველა პირობას ქმნის კეთილშობილი ირმების პოპულაციის აღსადგენად.
ირმების გამრავლება თბილისის ზოოპარკში 10 წლის წინ დაიწყო, დღეს კი ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი - 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს. პროგრამის პირველ ეტაპზე, მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება, ირმების გაშვება ველურ ბუნებაში კი ეტაპობრივად იგეგმება.
"სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა" სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელიც ბიომრავალფეროვნების აღდგენას შეუწყობს ხელს. კავკასიური ირმების ბუნებაში გაშვების პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც დაესწრო.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მთავარ ამოცანად ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ასახელებს, კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობაში გაშვებას კი ისტორიულ ნაბიჯად აფასებენ.
"სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის" ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კავკასიური ირმის საშენი მეურნეობა გაიხსნა, რომლის მიზანიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა.
ავტორი: სიმონ შანავა