კანონზე მაღლა არავინ დგას - დონალდ ტრამპი დემოკრატებს მათსავე მოწოდებებს ახსენებს.
დაკავება ოვალურ კაბინეტში და ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გადაყვანა ციხეში - ეს უკვე ხელოვნური ინტელექტის შექმნილი კადრებია, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმაზე გააზიარა. ამით ტრამპი შეთქმულების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც სწორედ ობამას წინააღმდეგ იწყება - ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის დეპარტამენტმა წარმოებაში მიიღო. რატომ უკავშირებდა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას რუსეთის სპეცსამსახურებს? ტულსი გაბარდი, რომელიც ბარაკ ობამასთან ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს, დავალების მიმცემად "დიფ სთეითს" ასახელებს. ვის დაასახელებს თავად ობამა? - ექსპრეზიდენტი შესაძლოა კონგრესში, საგამოძიებო კომისიაზე დაიბარონ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდება გამოიგონეს, მიზანი ტრამპზე თავდასხმა იყო და ამ დანაშაულში მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ.
პასუხი ბევრმა უკვე მიიღო, მათ შორის საქართველოში, სადაც რუსეთთან კავშირები კარგად ნაცნობი ბრალდებაა. უაპელაციო მტკიცება ხელისუფლების პრორუსულობაზე, მტკიცებულებების გარეშე - პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ "დიფ სთეითს" ყველგან ერთი ხელწერა აქვს - პროპაგანდა, რომელსაც ეს ძალა არასასურველი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში იყენებს. ირაკლი კობახიძე ამ საკითხს ჯერ ვრცელი წერილით გამოეხმაურა, მოგვიანებით კი "ღამის კურიერში" ისაუბრა. თქვა, რომ მსგავსი კამპანია "ქართული ოცნების" და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წლიდან იწყება.
ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტების დასახელება დღესაც გაუჭირდათ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ ობამას წინააღმდეგ მტკიცებულებების წარდგენა ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პარალელი საქართველოსთან არარელევანტურია და "დიფ სთეითი" მხოლოდ ამერიკის შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია.
ვაშინგტონის სკანდალი თბილისში სახელისუფლებო პარტიისთვის ადასტურებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გამოგონილი ბრალდება გლობალური ომის პარტიის აპრობირებული მეთოდია მათ წინააღმდეგ, ვინც არაფორმალურ გავლენებს არ ექვემდებარება.
ობამა დუმს, ტრამპი კი სოციალურ ქსელში აქტიურობს - ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბარებენ კონგრესში საგამოძიებო კომისიაში ამერიკის 44-ე პრეზიდენტს.