360 ათასი დოლარი ლობისტური საქმიანობისთვის - შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება პარტიის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან, ასევე დაეხმარება მას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში - ხელშეკრულება ექვსთვიანია, პარტია კი, აღსანიშნავია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ასევე ფარა-ს დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს დაქირავებული, კონგრესმენ ჯო უილსონს 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული.
უცხოელი აგენტების რეესტრზე განთავსებული ინფორმაცია დილიდან პოლიტიკური განხილვის საგანია თბილისში.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, არ აინტერესებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული საკითხები, თუმცა მათ, ამ შემთხვევაში, უკანონობა არ ჩაუდენიათ.
"არ ვაფასებ იმიტომ, რომ არ არის ჩემთვის საინტერესო "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით არაფერი. მთავარია, რომ უკანონობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც კანონს არ არღვევდეს.
არჩევნებში მონაწილეობა - არმონაწილეობასთან დაკავშირებით, რეგისტრაციისთვის 5 აგვისტომდე აქვთ ვადა. არ გამიკვირდება, რომ შეცვალონ აზრი, თან ნომერი შეინარჩუნეს, ცესკო-ს მიმართეს", - განაცხადა ანი ბუჩუკურმა.