ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "დიფ სთეითის" უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, იუსტიციის დეპარტამენტს სრულ ინფორმაციას მიაწვდის. ტულსი გაბარდმა Fox News-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა 2016 წლის მოვლენებზე. თქვა, რომ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვების რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირება, დადასტურებით, ბარაკ ობამას და მისი ადმინისტრაციის გამოგონილი ამბავი იყო. სპეცსამსახურის უფროსის ინფორმაციით, ობამამ დავალება "დიფ სთეითის" სახელით ცნობილი კორპორაციებისგან მიიღო. მიზანი დონალდ ტრამპისთვის რუსეთთან კავშირების დაბრალება და მისი დისკრედიტირება იყო. გაბარტი დამნაშავეების დასჯას აანონსებს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის სკანდალურ განცხადებას, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ვრცელ პოსტში "დიფ სთეითის" მოქმედების მოდელზე წერს, რომლის ლუსტრაციაც გაბარდმა შეძლო. უაპელაციო საუბარი რუსეთთან კავშირებზე, მტკიცებულებების გარეშე - კობახიძის
აზრით, ის პროპაგანდისტული მეთოდია, რომელსაც ეს ძალა არასასურველი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში იყენებს.
რუსეთთან თანამშრომლობის გამოგონილი ბრალდება ე.წ. დიფ სთეითის ხელში რომ იარაღია, ამას საქართველოს მაგალითზე ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა, დღეს, იმ საინფორმაციო კამპანიის სადემონსტრაციოდ, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, ქართული ოპოზიციისა და მათი პარტნიორების განცხადებები გამოაქვეყნა. სპიკერის აზრით, გამოჩნდა, რომ საქართველოს და ამერიკას საერთო მტერი ჰყავს.
იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მართავს, მისთვის რუსული იარლიყების მიწებებას მუდმივად ცდილობენ - წერს ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი ამ კამპანიის ნაწილად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებსაც, რომლის დასამტკიცებლადაც წლებია ერთი არგუმენტიც კი ვერავინ მოძებნა.
"დიფ სთეითს" მხოლოდ ლოკალურ ამერიკულ მოვლენად მიიჩნევს ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს ტულსი გაბარდის ინფორმაციის შეფასება უჭირთ. "დიფ სთეითის" არსებობას ვეღარ უარყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მას საქართველოზე გავლენა არ აქვს.
ოპონენტების პოზიცია მმართველ გუნდში არ უკვირთ. სახელისუფლებო პარტია, ოპოზიციას და ევროპელ ბიუროკრატებს სწორედ ე.წ. დიფ სთეითის ინტერესების ქვეშ მოქმედ ძალებად განიხილავს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსეთთან გამოგონილი აფილირების მცდელობით, ისინი წლებია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
მოჰყვება თუ არა ამერიკული სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას პრეზიდენტ ობამასა და მისი ადმინისტრაციის წევრების სასამართლო პროცესები, ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებები შესაბამის ორგანოებს უკვე გადასცა.