თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. წულუკიანის განცხადებით, ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სია, სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, დასახელებული პირებიდან 15ი ადამიანი დღესაც ცოცხალია, ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა, ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა.
აღნიშნულ საკითხზე, "კურიერი" თავად ნანუკა ჟორჟოლიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და თავად არ არის პირველ წყარო.
"საჯარო ინფორმაციაა. თქვენ რომ დაგუგლოთ, მოიპოვებთ პირველ წყაროს. Intermedia.ge-ით დაწყებული, ანუ ძალიან საჯარო ინფორმაციაა. ხომ არ არის რაიმე ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია. სიმართლე რომ გითხრათ, მე სამართლებრივ ნაწილში ვერც განვიხილავ, იმიტომ, რომ არ ვიცი რას მედავება. ვისი ცნობის უარყოფას მედავება, იმ ცნობის უარყოფას, რომელიც სხვამ გაავრცელა?! - პირველ რიგში, ამას წერდა ძალიან ბევრი და მეორე ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ხაზგასმით უნდა ვთქვა, ავრცელებს სხვა მედია. მე არ ვარ ამ ინფორმაციის პირველ წყარო," - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.