"კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის" მიხედვით, უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესით კი მსოფლიოში 12-ე ადგილს იკავებს. შეფასების 100%-იანი სისტემით ქვეყანამ 74.8% მიიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა.
"ატლანტიკური საბჭოს" მონაცემებს მმართველ გუნდში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგს უწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 2012 წლიდან კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული უმცირესობების უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის და სხვა მიმართულებით ბრძოლის წინააღმდეგ.
კეთილდღეობის ინდექსის მაჩვენებლები მანიპულაციურია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას არ ასახავს.
"ატლანტიკური საბჭოს" დასკვნით 2001-დან 2024 წლამდე უმცირესობის უფლებების დაცულობა მსოფლიო მასშტაბით 0,01% პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი 0,9 პროცენტული პუნქტით გაუარესდა. ამავე კვლევის მიხედვით, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში მონაცემი 14 პუნქტით გაიზარდა და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში ქვეყანაში უმცირესობის უფლებების დაცულობის ინდექსი 6,2 პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო ამავე პერიოდში ევროკავშირის მაჩვენებელი 2 პროცენტით გაუარესდა.
ტოლერანტობა რომ ქართული კულტურის ნაწილია, ამაზე საუბრობს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს "ატლანტიკური საბჭოს" თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად მსოფლიო ბანკის, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" და ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას ეფუძნება.