პოლიტიკური ბრძოლის ეფექტურ ადგილად, გიორგი გახარია ამ ეტაპზე ბრიუსელს ასახელებს. სწორედ ბრიუსელში ჰკითხა ექსპრემიერს EuroScope-მა, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. გახარია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი შედეგიანი ბრძოლაა, შესაფერისი ადგილი კი ევროპა.
გახარიას განცხადება მმართველი პარტიისთვის არა პოლიტიკური ტაქტიკა, არამედ, ქვეყნიდან გაქცევის დადასტურებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გახარიას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, რაც უკვე არაერთხელ დადასტურდა.
ლიდერის პოზიციას იზიარებენ პარტიის წევრებიც და ამტკიცებენ, რომ ახლა გახარიას ყოფნა უცხოეთში, შედეგიანი იქნება. პარტნიორი "ლელოსთვის" კი უფრო მნიშვნელოვანი საქართველოში ერთობლივი მუშაობაა, ვიდრე ბრიუსელიდან გახარიას ბრძოლის ტაქტიკა.
გაქცევა და გაპარვა, ამას ხედავენ "ქართული ოცნების" ლიდერები გახარიას პოლიტიკური სვლის მიღმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია ევროპაში მხოლოდ საბოტაჟის მოწყობის მცდელობით არის დაკავებული. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ გახარია პასუხისმგებლობას თავს არიდებს.
უკვე ერთი თვეა, რაც გიორგი გახარიამ საქართველო დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას აანონსებს, თუმცა ბრძოლის ეფექტურ ადგილად არა საქართველოს, არამედ ბრიუსელს მიიჩნევს.