21 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
20 ივნისის საქმე - საკანონმდებლო ორგანოსთან სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მეორე კვირაა ტარდება

საკანონმდებლო ორგანოსთან, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მეორე კვირაა ტარდება. რუსთაველის გამზირზე, დღეს, 20 ივნისის საპოლიციო ღონისძიებების დროს დაზარალებული 5 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს რეაგირება 2019 წლის ივნისში ადეკვატური იყო, თუმცა, მოკვლევის მითითება პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას ეხება.

პარლამენტის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დაზარალებულების უფლებებს საია იცავს. ადვოკატის თქმით, 20 ივნისის ღამეს საპოლიციო ძალების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე გამოძიება უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო. დაზარალებულები სტრასბურგის მცირე პალატის გადაწყვეტილებას პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილება განსხვავებულად ესმით ექსპრემიერ გახარიას პარტიაში. 2019 წელს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აქციის დაშლის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. მისი თანაგუნდელები დღეს ამტკიცებენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. პოლიტიკური ლიდერების აზრით, შსს-ს იმდროინდელი ხელმძღვანელების მხრიდან ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. სახელისუფლებო პარტიაში იმასაც განმარტავენ, რომ სტრასბურგმა სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის საკითხში სრულად გაამართლა.

2019 წლის 20-21 ივნისს საპოლიციო ღონისძიებების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაშავებულებს შორის 80 პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი იყო. უცნობია რა ფორმით ითანამშრომლებს გამოძიებასთან ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში არ იმყოფება.

დღის ამბები