ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საბჭოური ულტიმატუმებით საუბარს ჰგავს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებით იმუქრება. საუბარია ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ, დასახელებულ პირობებზე, რომელთა შორისაა გამჭვირვალობის კანონის გაუქმება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი კონტრპროდუქტიული იქნება.
კიდევ ერთი კანონი, რომლის გაუქმებასაც ბრიუსელი ითხოვს, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციას ლოგიკურად არც ეს კანონი უკავშირდება. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ეს თავის მხრივ, ადასტურებს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საკითხს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ და საქართველოს, ყალბი დილემის წინაშე აყენებენ.
ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" უსამართლო დამოკიდებულებაა, სამართლიანი მიდგომაა მათი ოპონენტებისთვის. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან სამართლებრივი გარდა, პოლიტიკური მოთხოვნებიც აქვს.
"ქართველ ხალხზე ზემოქმედების მცდელობა ხალხის მხარდაჭერის სახელით" - ასე აფასებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ბრიუსელში გააქტიურებულ პროცესს უმრავლესობის ლიდერი. რომელიც ამბობს, რომ ევრობიუროკრატების ამ მცდელობის საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. განცხადება მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა.
კონკრეტული კანონების გაუქმების გარდა, ბრიუსელის 8 პუნქტიანი წერილში საუბარია შეკრებისა და გამოხატვის უფლების უზრუნველყოფაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე, ლგბტქ პირთა უფლებების სრულად დაცვაზე. ასევე სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანაზე ევროკავშირის ნუსხასთან - ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ.