ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა, ბრიტანეთის ელჩმა ვიდეომიმართვით გაახმოვანა. გარეთ უორდი 2-წუთიან სიტყვაში ამტკიცებს, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი თვითნებურად, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
ბრიტანელ დიპლომატს, ძალადობის წახალისებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრი გარეტ უორდს ურჩევს, საქართველოს ნაცვლად, ლონდონში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს.
რა სასჯელია გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის დიდ ბრიტანეთში? კანონის თანახმად, უკიდურესად სერიოზული ძალადობის შემთხვევაში, კონკრეტულ პირს შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც კი შეეფარდოს. პოლიციის შესახებ კანონით, სამართალდამცველისთვის მხოლოდ ხელის შეშლა 1 თვემდე პატიმრობას, ან 1000-ფუნტიან ჯარიმას ითვალისწინებს, თავდასხმის შემთხვევაში კი სასჯელის ზომა იზრდება. უფრო მკაცრია კანონი მძიმე ფიზიკური ზიანისა და წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 46 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოქალაქე კუშს, რომელიც სამართალდამცველებმა პოლიციის შეურაცხყოფისთვის, ლონდონის ცენტრში აქციაზე დააკავეს. პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილით, დანითა და ნაჯახით მიტანილი იერიშის გამო, უვადო პატიმრობა შეეფარდა ალექსანდრ დიგტონს, სამხრეთ უელსში. ქალაქ ჰანლისა და ტამფორდში მომხდარი არეულობის გამო კი პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა. 9 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 37 წლის რიჩარდ ნოდველს, რომელმაც პოლიციელს ყვრიმალის ძვალი და ცხვირი მოტეხა. 36 თვიანი პატიმრობა კი 31 წლის როკი პრაისს შეეფარდა, რომელიც თავს პოლიციის ოფიცერს დაესხა.
ამ ფაქტების მიუხედავად, ოპოზიცია, სრულად იზიარებს ბრიტანეთის ელჩის პოზიციას და მზია ამაღლობელის საქმეზე გათვალისწინებულ სასჯელს უსამართლოდ მიიჩნევს.
სახელისუფლებო გუნდი გარეთ უორდს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ ახსენებს ვენის კონვენციას, რომელიც დიპლომატს, პოლიტიკურ პროცესებზე, საჯარო პოზიციონირებას უკრძალავს. მმართველი პარტიისთვის მიუღებელია იმ ქვეყნის დიპლომატის კრიტიკა, სადაც პოლიციელზე თავდასხმისთვის უმკაცრესი სასჯელია გათვალისწინებული.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 12 იანვარს დააკავეს.