სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ახლა, საქართველოს პროკურატურა სწავლობს, რა სახის სავარაუდო გადაცდომები შეიძლება ყოფილიყო 20 ივნისის ღამეს - აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე დღეა ტარდება. ექსპერტებმა, დღეს, 2019 წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულ პირთან ერთად იმუშავეს. უწყებაში განმარტავენ, რომ სტრასბურგის პალატის დავალებით, მოკვლევა პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტების შესწავლას ეხება.
ევროპულ სასამართლოს შეკრება-მანიფესტაციებისა და საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ქართულ კანონმდებლობასთან კითხვები არ აქვს - იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრასბურგმა სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლებლობა დაადასტურა. თუმცა, კითხვები საპოლიციო ღონისძიების პროპორციულობაზე გაჩნდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაირკვეს ვინ და რა მოტივით გასცა ბრძანება ე.წ. რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
საგამოძიებო ექსპერიმენტებს რუსთაველის გამზირზე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ გახარიას გუნდსა და მის პოლიტიკურ პარტნიორ "ლელოში". ექსპრემიერის პარტიაში ამტკიცებენ, რომ სტრასბურგს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის დადასტურებით, ხელახალი გამოძიების რეკომენდაცია არ გაუცია.
ოპონენტების განცხადებას სპეკულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს ინსტანციაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
2019 წლის 20-21 ივნისს აქციების დროს დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა. სტრასბურგის სასამართლოს კითხვები საპოლიციო მოქმედებების პროპორციულობასთან აქვს. 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებდა, რომელიც გერმანიაშია და როდის დაბრუნდება სამშობლოში, ჯერჯერობით უცნობია.