20 აგვისტო 2026,   03:29
ვრცლად
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერილი წერილი დეზინფორმაციულია

წერილი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერილია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატების წერილში მოყვანილი ფაქტები რეალობას აცდენილია. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევროპულ სტრუქტურებში არაფორმალური მმართველობა მძლავრობს, არც დეზინფორმაციით გაჯერებული წერილები უკვირს.

ევროპელი მაღალჩინოსნების პოზიცია საქართველოს წინააღმდეგ უხეში და უსამართლო თავდასხმაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის.

მიაჩნიათ, რომ ასეთი დამოკიდებულებით და საკანონმდებლო ორგანოსთვის მითითებებით, საპარლამენტო სუვერენიტეტის ხელყოფა ხდება. " ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ორკესტრირებული თავდასხმის მიზეზი 26 ოქტომბერი და არჩევნების შედეგებია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ "დიფ სთეითის“ აგენტურის წარმომადგენლები, რომლებსაც კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები გულშემატკივრობდნენ.

ევროპელი მაღალჩინოსნების ერთობლივი წერილი 11 ივლისს გამოქვეყნდა. ხელმომწერები უკმაყოფილო არიან ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, “ქართულ ოცნებას” დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივი წერილი ოპოზიციისთვის ღია გზავნილია, რომ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვება.

საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისთვის, ევროპელი ბიუროკრატების წერილის შინაარსი დადასტურებაა, რომ ევროპა დემოკრატიულ უკუსვლასა და მძიმე ღირებულებით კრიზისს განიცდის.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები ევროპელ ბიუროკრატებს შეახსენებენ, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის მზად არიან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს.

დღის ამბები