ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი განსაზღვრულია - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება სუფთა ფურცლიდან.
საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ახლა შემხვედრ ნაბიჯს ელოდება- თბილისი მთავარ არგუმენტად ტრამპის ხედვებს ასახელებს, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემთხვევა. ნაბიჯი გადადგმულია, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ნებისმიერ ურთიერთობაში შესვლა სუვერენული მიდგომითვე ესახება. ამ გზაზე კი სირთულე ბევრია, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ის სუბიექტები სახელდებიან, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უნდა აახლოებდნენ და არა პირიქით. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა ელჩმა, რომელიც ვადაზე ადრე გადადგა და პენსიაზე გავიდა, წასვლამდე ბოლო სიტყვა დატოვა - ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან", რომელიც ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ სიცრუედ შეფასდა.
როგორც ჩანს, ყველაფერი გასაგები არ აღმოჩნდა რობინ დანიგანისთვის, რომელმაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან შეხვედრის სურვილზე ისაუბრა. შეხვედრა არ შედგა, დიპლომატმა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარით "საკუთარი ინტერესები, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა" - ამ ნათქვამს წინ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადება უძღოდა. უარის მიზეზები შავით თეთრზე დაიწერა და განიმარტა, რომ პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ სიტყვითაც დაადასტურა, რომ პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასდროს დაუყენებია.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ამ წერილით ამერიკის ელჩს უპასუხა. უარი 22 მაისით თარიღდება, თუმცა 22 მაისს ვერშემდგარი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საელჩომ 28 მაისს გამოაქვეყნა. მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, ამერიკელი კოლეგისგან მისალოცი წერილი მიიღო. დონალდ ტრამპი წერილში საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი ურთიერთობების განსამტკიცებლად მზადყოფნას გამოთქვამდა. რატომ ვერ მოხვდა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის წერილი ამ დრომდე საელჩოს გვერდზე და რატომ უნდოდა დიპლომატს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან? - სახელისუფლებო პარტია ელჩს ორ ქვეყანას შორის ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს.
მმართველ გუნდში ელჩის თარგმანში დაკარგვის არ სჯერათ, თუმცა მაინც, რობინ დანიგანს თარჯიმნის გამოცვლას ურჩევენ. აცხადებენ, რომ ელჩმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წერილის შინაარსიც და მიზანიც ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ არასწორი ფაქტი სპეკულაციისთვის ოპოზიციას მაინც დაუტოვა.
აქვს თუ არა უკვე ყოფილ ელჩს მცდელობა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი შეფერხდეს? - სახელისუფლებო პარტიას, ერთმა ინტერვიუმ ბევრი კითხვა გაუჩინა. "ქართულ ოცნება" დიპლომატებს და პარტნიორებს რჩევას აძლევს - მსგავს საკითხებთან მიმართებით, სიფრთხილე გამოიჩინონ.
დიპლომატთან კითხვა ჩვენც გვქონდა, თუმცა საელჩომ წერილი უპასუხოდ დატოვა. ქვეყანას ტოვებს რობინ დანიგანიც, რომელმაც 33-წლიანი დიპლომატიური კარიერა საქართველოში დაასრულა. ვინ იქნება შემდეგი ელჩი? სანამ დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის დიპლომატს ჩაანაცვლებს, საქართველომ საკუთარი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაგზავნა.