გზა, რომელიც უეცრად წყდება და არსად მიდის; ადგილი, სადაც თითქმის ვერავინ შევა; მიწის ნაგლეჯი, სადაც ამერიკის დაზვერვის ყურადღების მიღმა ვერცერთი ფრინველი და ქვეწარმავალიც კი ვერ დარჩება... ეს არის "ზონა 51" - პლანეტაზე ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა.
გარდა იმისა, რომ ნევადის შტატის ამ უდაბნოში შეიქმნა ამერიკის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ავიამოიერიშეები და გამანადგურებლები, გამოიცადა ასობით ბირთვული იარაღი, "ზონა 51" კიდევ ერთი რამით არის ცნობილი. ათწლეულებია არსებობს შეთქმულების თეორია, რომ ამ ავიაბაზის მიღმა ამერიკის დაზვერვა ინახავს ინფორმაციას არამიწიერი არსებებისა და მათი ტექნოლოგიების შესახებ. ამიტომაც "ზონა 51" დღემდე რჩება კონსპირატორების ყველაზე დიდი ინტერესის ობიექტად.
კადრებს, რომლებსაც ახლა ხედავთ, პენტაგონმა ოფიციალურად გაასაჯაროვა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სახელმწიფო საიდუმლოებას გრიფი მას შემდეგ ახსნა, რაც ინტერნეტსივრცეში ვიდეომასალა წლების განმავლობაში ანონიმურად ვრცელდებოდა. თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ კადრები ავთენტურია, მასში აღბეჭდილ მფრინავ ობიექტებს კი ამოუცნობი ანომალიური ფენომენი უწოდეს.
ვართ თუ არა სამყაროში მარტო? ამ კითხვას პენტაგონში ერთგვაროვან პასუხს არ სცემენ, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც უმუშავიათ თავდაცვისა და სადაზვერვო ორგანოებში, შტატების სენატს უყვებიან, რომ არათუ მარტო არ ვართ, არამედ არამიწიერი არსებები დედამიწას ხშირად სტუმრობენ კიდეც.
საკუთარი თვალით ნანახის შესახებ იგივე დარბაზში გასულ წელს ღიად ისაუბრა ყოფილმა გენერალმა. მაღალი რანგის პილოტმა დეტალურად გაიხსენა ოკეანის თავზე 2004 წელს, ოპერაციის შესრულების დროს ნანახი მოვლენები.
უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული, ადამიანს მუდამ აინტერესებდა, იყო თუ არა სამყაროში მარტო. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პლანეტის მიღმა სხვა სახის სიცოცხლეც არსებობს, მათ ჩვენამდე მოსასვლელად ფიზიკის კანონების გარღვევა მოუწევთ.
მანამდე კი, ჩვენ ჩვენი კვალი შორეულ კოსმოსში უკვე დავტოვეთ. "ვოიაჟერ 1-ის" თანამგზავრი მზის სისტემას უკვე გაცდა, და თუ "ოქროს ფირფიტა" თავის ადრესატამდე მიაღწევს, მათ ჩვენ შესახებ ყველაფერი ეცოდინებათ, მათ შორის, დედამიწის პლანეტარული მისამართიც კი.