20 ივნისს დაზარალებული მოქალაქე პროკურატურის თანამშრომლებს უჩვენებს, როგორ განვითარდა მოვლენები 6 წლის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც ათეულობით მომიტინგე, ჟურნალისტი და პოლიციელი დაშავდა. სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩატარდა დღეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება - ანუ იმ რეკომენდაციას, რომელიც ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეცოპერაციის სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით დაევალა.
ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები? - სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მიუთითებენ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე. სწორედ ძალოვანი უწყების მისამართით, სპეცოპერაციის დაგეგმვის ტაქტიკასთან დაკავშირებით აქვს კითხვები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, რომელიც გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ 20 ივნისს, სახელმწიფოს სპეციალური ღონისძიებებისა და ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა, ვინაიდან მანიფესტაციამ ძალადობრივი სახე მიიღო.
რამდენად სწორად მოხდა აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება - ეს აინტერესებს ევროპულ სასამართლოსაც, თუმცა ამის მიუხედავად, გახარიას პარტიაში მაინც ამტკიცებენ, რომ კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას აქვს. ექსპრემიერის გუნდი სტრასბურგის სასამართლოს დავალების შესაბამისად - სპეცოპერაციის დაგეგმვის ხელახლა შესწავლას უნდობლობას უცხადებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ ექსპრეზიდენტის პარტიაშიც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გიორგი გახარიას დაცვაც სცადა.
20 ივნისი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანიცაა. გიორგი გახარიას საკუთარი გადაწყვეტილებების განმარტება ამ ფორმატში რამდენიმე თვის წინ მოუხდა, თუმცა როგორც კომისიის წევრები ამბობენ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კითხვებს არასრულყოფილი და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა.
კომისიის სხდომაზე მაშინ გახარიას სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და მისი აღსრულების მიზნით გამოძიების ჩატარებაზეც კითხეს.
პასუხის მსგავსად ბუნდოვანია, როდის დაბრუნდება საქართველოში გიორგი გახარია, რომელიც ამ დრომდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. 20 ივნისთან დაკავშირებით დღეს მას განცხადება არ გაუვრცელებია.