400-ზე მეტი რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთმა ამჯერად კიევს და ხერსონს შეუტია. საჰაერო განგაშის სირენების ხმა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კიდევ ერთხელ გაისმა.
ოკუპანტის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა, აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 13.
ვიდრე მოსკოვი კიევს ბომბავს, რომში უკრაინის აღდგენის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებმა კიევს რამდენიმე მილიარდიანი დახმარებაც გამოუყვეს. საკონფერენციო დარბაზში ევროპელი ლიდერები - ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა იტალიის დედაქალაქიდან, მსოფლიოს უკრაინის გარშემო გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამავე ტრიბუნიდან უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს გერმანიის და იტალიის ლიდერებმა. პერსონალური გზავნილით მიმართა ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპს. გერმანიის კანცლერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა.
მაშინ, როცა უკრაინა - ევროპას, ხოლო ევროპა ამერიკას სთხოვს დახმარებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. მოსკოვის საგარეო უწყების ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრაზე, თანამშრომლობის აღდგენის და ხალხებს შორის შეუფერხებელ კონტაქტებთან დაკავშირებით, მზადყოფნა დადასტურდა. თავად მარკო რუბიომ აუდიენციას გულწრფელი და მნიშვნელოვანი უწოდა.
ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. რუსული აგრესიის 1232-ე დღეს, უკრაინა თავის დაცვას საპასუხო შეტევებითაც ცდილობს. 2022 წლიდან დღემდე მხარეებს შორის შემდგარი არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, მოსკოვმა და კიევმა სამშვიდობო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.