21 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
ექსპრემიერის გუნდთან რამდენიმე კოალიციის შექმნაზე ფარული შეთანხმების შესახებ, ექსპრეზიდენტის პარტია უკვე ღიად ალაპარაკდა - "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტნიორობაზე საუბარს გახარიას გუნდი თავს არიდებს

ექსპრემიერის გუნდთან, რამდენიმე კოალიციის შექმნაზე ფარული შეთანხმების შესახებ, ექსპრეზიდენტის პარტია უკვე ღიად ალაპარაკდა. პირველი ანა წითლიძეა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს, რომ გახარია მათთვის მიუღებელი იყო, თუმცა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ექსპრემიერის გუნდთან პოლიტიკური თანამშრომლობა მაინც უღირდათ.

ანგელოზი არც "ნაციონალური მოძრაობა"აღმოჩნდა გახარიასთვის. ექსპრემიერმა 4 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა პოლიტიკური მეხსიერებიდან წაშალა და ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტის პარტიასთან კოალიცია არ შეუქმნია და არც არასდროს შექმნის.

"ნაციონალურ მოძრაობასთან", პარტნიორობაზე საუბარს დღესაც თავს არიდებს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მათთვის წითელი ხაზია, რის გამოც თანამშრომლობის სურვილი არასდროს ჰქონიათ. გახარიას თანაგუნდელებს ფაქტები დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა შეახსენეს.

თავს მოღალატედ არ მიიჩნევს "ლელო", რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა ყოფილი პარტნიორების საჯარო ბრალდებებს, ისევ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან უპასუხა.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, ოჯახურ კონფლიქტს უწოდებს გირჩი, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით პოლიტიკურ რეპუტაციას თავად იზიანებს.

სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ უცხოური დაკვეთებით მოქმედ ოპოზიციას ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დაამარცხებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი არც გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიციური პარტნიორობა იქნება, რომელიც 4 მუნიციპალიტეტში დღემდე გრძელდება.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები