20 წლიანი პაუზის შემდეგ, "რუსთავი 2-ის" ტელესახე და სოლო შემსრულებელი, მუსიკალურ სცენას მთავარი სათქმელით დაუბრუნდა.
"ბედნიერების მჯერა"- ასე ჰქვია თიკა ფაცაციას ახალ ნამუშევარს, რომელიც განსხვავებული მუსიკალური ხელწერით გამოირჩევა და ერთდროულად, განვლილი გზის აღიარებაცაა და ახალი ეტაპის დასაწყისიც.
სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გუშინ გაიმართა. მომღერალმა მაყურებელთან ერთად იხილა ვიდეო, რომელზეც ბოლო ერთი წელია მუშაობს.
ვიდეორგოლი დრამატული, ლირიკული და ემოციური შრეებით დატვირთულია, მით უფრო მაშინ, როცა მასში თიკას ბავშვობას მისივე ძმისშვილი განასახიერებს.
ასე რომ, მუსიკალურ სიუჟეტს კიდევ ერთი გმირი - ნინა ფაცაცია ჰყავს.
პრემიერას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, თიკას მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. მათ შორის, სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე და პროექტის კრეატიული დირექტორი არჩილ სოლოღაშვილი.
ნაწარმოების გაორკესტრება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის.
თიკა ფაცაციამ კარიერა ადრეულ ასაკში, ჯგუფ "სუპერ გოგონებში" დაიწყო. მოგვიანებით - ჯგუფი "სეთი" შექმნა, რომელიც 90 იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. დღეს ის სოლო შემსრულებელი და ბენდის "კაი ტიპების" ერთ - ერთი წევრია.
როგორც დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, სიმღერა მისი წინა ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავებულია.
პრემიერის შემდეგ, შემსრულებელმა ემოციები ვერ დამალა, მისი განწყობა აუდიტორიისთვისაც გადამდები აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ის აზრი, რომ თიკა ფაცაციას მუსიკალურ თავგადასავალს წინ დიდი გზა აქვს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი