21 აგვისტო 2026,   01:01
ვრცლად
"ორმაგი სტანდარტები და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობა" - მმართველი გუნდი რასა იუკნევიჩიანეს თანაავტორობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებს

მმართველი გუნდი რასა იუკნევიჩიანეს თანაავტორობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებს. ანგარიშის შესახებ დებატები ევროპარლამენტში დღეს იმართება. პროექტის მიხედვით, ევრო დეპუტატები ახალ არჩევნებს, საქართველოსთვის მკაცრი სანქციების დაწესებას და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ. მმართველ გუნდში დღეს იუკნევიჩიანეს წარსული და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა გაახსენათო. თქვეს, რომ სუბიექტური დოკუმენტებით ევრო ბიუროკრატები კანონიერად არჩეული ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტირებას ცდილობს.

იუკნევიჩიანეს დღეს მადლობა პირადად გადაუხადეს "ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი, სწორედ პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის.

სააკაშვილის კომპონენტს ევროპარლამენტის ანგარიშში არაერთგვაროვნად აღიქვამენ ოპოზიციაში. "ლელოსთვის "ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა პრობლემა არაა. განსხვავებულია გახარიას გუნდის პოზიცია.

იუკნევიჩიანესა და სხვა ევრო დეპუტატებს ქართული ოპოზიციის მოკავშირეებად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, ორმაგი სტანდარტებით და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობით, ევრო ბიუროკრატები ქუჩაში ჩამქრალი საპროტესტო მუხტის სტიმულირებას ცდილობენ.

ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანეს თანაავტორობით შექმნილი ანგარიში რამდენიმე კვირის წინაც განიხილეს. მაშინ, სტრასბურგში საქართველოდან მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ევროპული სტრუქტურებისგან საქართველოს ხელისუფლების მკაცრი დასჯა მოითხოვეს.

დღის ამბები