
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. საქართველო აღნიშნულ ტურნირს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
ქალთა მსოფლიოს თასი ჭადრაკში საზეიმოდ გაიხსნა და 29 ივლისს დასრულდება. გახსნის ცერემონიას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მონაწილეები ესწრებოდნენ, ბათუმის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
ტურნირში 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის არიან: ანტუანეტა სტეფანოვა, მარია მუზიჩუკი, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა უშენინა და ტან ჯონგი.
6 ივლისიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.