
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საუბარი, ძირითადად, ეკონომიკისა და ბიზნეს საკითხებს შეეხებოდა.
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.
"ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, არც არავის დაუსვია ეს საკითხი," - ხადა თემურ ჭყონიამ.
"ორბი ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, შეხვედრაზე არაერთი ახალი ინიციატივა განიხილეს.
"ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაზეც აზრები გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ინიციატივებს, იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის, ტრანსპორტის სექტორში, მომსახურების სფეროში," - აღნიშნა კვერღელიძემ.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემაც.
"საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან - მხედველობაში მაქვს ეკონომიკის განვითარება," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.