"დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ასე აფასებს მმართველი გუნდი რამდენიმე მედიასაშუალების და პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
პორტოს დეკლარაციასა და რეზოლუციაში ისმის ახალი არჩევნების და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეზოლუცია, რომელიც მეგობარი აქტის ავტორის, ჯო უილსონის გავლენით დაიწერა, უპირისპირდება იმავე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს გენმდივნის და შვეიცარიის დელეგაციის წევრის დადებით შეფასებებს, რომლებმაც თქვეს, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და ორგანიზებულად ჩატარდა.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლე რეზოლუცია ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია.
"რეზოლუციის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ისინი იძულებული გახდნენ [მხარი დაეჭირათ] იმიტომ, რომ იქ ბევრი პუნქტი იყო, რომელიც რეალობას ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთგვარი მძევლები გახდნენ ამ ანგარიშის.
ჯო ვილსონი ოპოზიციის მხარდამჭერი - ასეთი იარლიყის მიწებება კონგრესმენის მიმართ, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამოდის? როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას რეზოლუციასთან დაკავშირებით თუ შეაქვს შესწორებები ამა თუ იმ ტექსტში, ყოველთვის ხელმძღვანელობს ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების პრიზმიდან გამომდინარე", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანი განცხადებით, რეზოლუციაში ასახული საკითხი ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას ემსახურება მიზნად.
"ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ასახავ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რომელიც დადგა "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობით. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია პოლიტპატიმრების საკითხი, შეფასებულია არჩევნების კონტექსტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ემსახურება საქართველოში არსებული მდგომარეობის დასტაბილურებას და შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც "ოცნების" პირობებში დადგა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.