თვითმმართველობის არჩევნები და მწვავე დაპირისპირება ოპოზიციაში. ბრალდებების სამიზნე ისევ "ლელოა".
"ნაციონალური მოძრაობა" ღალატზე საუბრობს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ლელოს" მიმართავს და მოუწოდებს, მკაფიო გადაწყვეტილება მიიღონ.
მისივე თქმით, ერთადერთი გზა ბოიკოტია.
"მივმართავ პარტია "ლელოს", ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ ძმებო. ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ რომ არაფერი ვთქვათ და პირში წყალი დავიგუბოთ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ. ამიტომ, მარტივი არჩევანია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად ამბობთ, რომ მონაწილეობას იღებთ, მე დავიტოვებდი იმედს, რომ შეცვლით ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის ბოიკოტის, ეს არის პროტესტის გზა. ამიტომ, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ, აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას და ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე