მმართველი გუნდი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების პათოსს იზიარებს. შათირიშვილმა ვრცელი წერილი დღეს, ე.წ. დიფ სთეითსა და საქართველოში მის სტრატეგიულ ინტერესებს მიუძღვნა. "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ფიქრობს, რომ გავლენიანი კორპორაციები ევრო ბიუროკრატების ხელით, წლებია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ საინფორმაციო ველის შექმნას ცდილობენ - მიზანი კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ფუნქცია მეტწილად ევროპელმა დიპლომატებმა შეითავსეს.
ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტში, საქართველოში ე.წ. დიფ სთეითისთვის მისაღები ხელისუფლების მოყვანის რამდენიმე სცენარზეა საუბარი. მათ შორის ფილოსოფოსი სლოვაკეთისა და ამერიკის მაგალითზე განიხილავს, როგორ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ლიდერი სასიკვდილო თავდასხმის მსხვერპლი. "ოცნების" მხარდამჭერი ღიად ამბობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და დიპლომატების ნაწილის ქმედებები ხშირ შემთხვევაში, სრულიად სცდება მათ უფლებებს და ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად მომატებას ემსახურება.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ხელისუფლების ოპონენტები. პოლიტიკოსების თქმით, ევროპელი დიპლომატები ხშირად უსაფუძვლო თავდასხმის ობიექტები ხდებიან. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ რევოლუციური სცენარი არ არსებობს და ევრო ბიუროკრატები ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არასდროს ჩარეულან.
ოპოზიციის მხრიდან დიპლომატების დაცვა სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ევრო ბიუროკრატები და მათი ოპონენტები რეალურად საერთო მიზანს ემსახურებიან. მიუხედავად რევოლუციის არაერთი მცდელობისა, კანონმდებლების აზრით, საფრთხეები და გამოწვევები კვლავ არსად გამქრალა. ევროკავშირის წარმომადგენლები კი ხშირად ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისგან სრულიად განსხვავებული მეთოდებით მოქმედებენ.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ე.წ. დიფ სთეითის წინააღმდეგ კრიტიკულ ტექსტებს ხშირად აქვეყნებს. მისი აზრით, გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტის სურვილი კვლავ დღის წესრიგში დგას.