20 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ლონდონში, საგარეო უწყებაში დაიბარეს და კრიტიკული გზავნილები გადასცეს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით, ისინი პარტნიორებს ფაქტებით დადასტურებულ პრეტენზიას უყენებენ

მაკა ბოჭორიშვილთან გარეთ უორდის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ლონდონში - საგარეო უწყებაში დაიბარეს. გიორგი საგანელიძეს ბრიტანეთის კრიტიკული გზავნილები გადასცეს. ოპოზიციის ლიდერების დაკავება, თავისუფალი აზრის ჩახშობა და ბრალდებები პარტნიორების მისამართით - შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც მიანიშნეს სანქციებზეც.

ოფიციალური ლონდონის პოზიცია არ მოსწონს არც ოფიციალურ თბილისს, რომელიც პარტნიორს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ბრიტანეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით აკვირდება.

ექსტრემიზმის დაფინანსება, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ვენის კონვენციისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დარღვევა - საქართველოს ბრიტანეთის მიმართ არაერთი საპასუხო პრეტენზია აქვს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური ნაბიჯი და კრიტიკა ობიექტური და მისაღებია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით ისინი პარტნიორებს არა უსაფუძვლო ბრალდებებს, არამედ ფაქტებით დადასტურებულ პრეტენზიას უყენებენ. ამბობენ, რომ სწორედ ექსტრემიზმის წახალისებაა ტაბულასა და გია ჯაფარიძის ორგანიზაციის დაფინანსების გადაწყვეტილება. უმრავლესობის განმარტებით, ფაქტია ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს ელჩი წინასაარჩევნოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა, რაც პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკურ მიზნებზე მიუთითებს.

გაერთიანებულ სამეფოს ფინანსური სანქციები უკვე დაწესებული აქვს საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის ძალოვანი უწყებისა და მოსამართლეებისთვის. რამდენიმე თვის წინ მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა გზამკვლევიც, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს მიუთითებს, როგორ იმოქმედონ ბრიტანულ სანქციებთან შესაბამისად.

 

დღის ამბები