ოპოზიცია პოზიციებს ისევ ვერ აახლოებს. პოლიტიკურ პარტიები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევენ. ბოიკოტი საარჩევნო მარათონს - ასეთია "კოალიცია ცვლილებებისთვის" პოზიცია.
"ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა" - ეს განცხადება ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე გააკეთა და პროტესტის უკიდურესს ფორმას – შიმშილობას მიმართა. ელენე ხოშტარიას დღეს გედევან ფოფხაძეც შეუერთდა. სოლიდარობის გამოსახატად პარლამენტთან მივიდა გახარაის გუნდიც, სადაც არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებიან. თქვეს ისიც, რომ რევოლუცია მათი არჩევანი არ არის. არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, კოლეგებს ისევ მრგვალ მაგიდასთან ელოდებიან ხაზარაძის "ლელოში".
ღია მინიშნებებიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებაზე გადასულ "ლელოს" მწვავედ აკრიტიკებს "ნაციონალურ მოძრაობა". მიხეილ სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს, არჩევნებზე საუბარიც კი, ღალატს ნიშნავს.
ელენე ხოშტარიასთან დღეს გერმანიის ელჩიც იმყოფებოდა, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის აკრიტიკებს. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციის არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობს და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. "ქართული ოცნება" ამბობს იმასაც, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და გადაწყვეტილებებს, ქვეყნის გარედან, ინსტრუქციების საფუძველზე იღებენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვე რჩება. მალე გაირკვევა, რომელი პოლიტიკური სუბიექტების ნომერი დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე.