20 აგვისტო 2026,   10:41
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დედოფლისწყაროში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, მოსავლის დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე. განსაკუთრებულად აღინიშნა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერისა და მთლიანად დარგის განვითარების მიმართულებით.

ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ეფექტიან მართვას, ტექნიკური რესურსების მობილიზებასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ რეაგირებას.

მარცვლეულის მწარმოებლები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები ხორბლის მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბის შექმნას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამჭვირვალედ და ორგანიზებულად წარმართვისთვის.

მინისტრის მოადგილის თქმით, ხორბლის მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული დაახლოებით 250 კომბაინი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შესყიდული.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს პირადად გაეცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

დღის ამბები