21 აგვისტო 2026,   00:41
ვრცლად
ჯარის ბანაკის გახსნის ცერემონია - საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მიმართა და ქართული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა

სრულფასოვან ჯარისკაცობამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, თუმცა 15 წლის ასაკში უკვე დარწმუნებულია, რომ ეს გზა სამშობლოს სადარაჯოზე მიიყვანს - თემო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ჯარის ბანაკში თავისი ყველაზე დიდი ოცნების ასასრულებლად მივიდა.

თემოსთან ერთად, ჯარის ბანაკის მონაწილეები მისი თანატოლი გოგოებიც გახდნენ. სკოლის მოსწავლეების თქმით, ბანაკი მათ ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სკოლის მოსწავლეებს უკვე გამოცდილი სამხედროები ხელმძღვანელობენ. ისინი, ვინც საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად უკვე წლებია შრომობენ, ამბობენ, რომ ბენეფიციარები ბანაკში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ეუფლებიან.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, ჯარის ბანაკის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა უმაღლესი მთავარსარდალი. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მიმართა და ქართული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმაც მიმართა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება ერის თვითმყოფადობაზე, იდენტობასა და სუვერენიტეტზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი პროექტების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაა.

მოსწავლეებს შეხვდნენ საქართველოს თავდაცვისა და განათლების მინისტრებიც - სწორედ იმ უწყების ხელმძღვანელები, ვისი საერთო მუშაობითაც ჯარის ბანაკი, უკვე მესამე წელია, მოსწავლეებს მასპინძლობს.

ჯარის ბანაკი კოჯორსა და საჩხერეში დღეს გაიხსნა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, იქ სამხედრო ცოდნას 1 700 მოსწავლე მიიღებს.

დღის ამბები