21 აგვისტო 2026,   01:56
ვრცლად
"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეში იქნებიან თუ გარეთ, ჩვენს პოლიტიკაზე, მიდგომასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს" - გიორგი სიორიძე

თვითმმართველობის არჩევნები დაპირისპირების მთავარ თემად რჩება. ირკვევა, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაკავებას არ აქვს გავლენა იმაზე, თუ რას ფიქრობენ პარტიები მარათონში ჩართვაზე.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საპატიმროში ყოფნის მიუხედავად, "ლელოში" აცხადებენ, რომ არჩევნები დისკუსიის საგნად რჩება.

"არაფერი შეცვლილა ჩვენს შეთავაზებასთან მიმართებაში - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეში იქნებიან თუ გარეთ, ჩვენს პოლიტიკაზე, მიდგომასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. არცერთი ნაბიჯი უკან - ეს იყო მათი სიტყვები, სანამ გადაიყვანდნენ სატუსაღოში. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ დიალოგის რესურსს გამოვნახავთ. ლიდერების ეს მასობრივი დაპატიმრებები შეიძლება გახდეს კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ გაიოლდეს ჩვენი მოლაპარაკებების პერსპექტივა," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ.

პარალელურად, "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. პარტიის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ის ნაწილიც "გონს მოეგება", რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

"ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია, ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. ისეთ ადამიანებს უნდა დაუსვათ ასეთი შეკითხვები, რომლებიც მსგავს კითხვებზე ხან ერთს პასუხობენ, ხან მეორეს, მკაფიოდ, ბოლომდე არ ჩამოუყალიბებიათ პოზიცია. ვისურვებდი, რომ მოეგონ გონს და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, მათთვის და, რა თქმა უნდა, მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმდა - ამას იძახდა ეს ხალხი ჩვენთან ერთად რამდენიმე თვის წინ და ამ თვეების მერე, მდგომარეობა კი არ გაუმჯობესებულა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

გიორგი გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

"ველოდით კიდეც, რომ "ლელო" ბოლომდე ჩამოყალიბდება, არავის ბულინგს, დაშინებას არ დაექვემდებარებოდა და მიიღებდა პრაგმატულ, პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ დღეს ვართ დაკავებული მერების კანდიდატებად, არაპოლიტიკური, უპარტიო, ღირსეული კანდიდატების შერჩევის პროცესით," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები