"ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა გაიღეს მთავარი – სიცოცხლე, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, "ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა და უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყება მიულოცა.
"ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა გაიღეს მთავარი – სიცოცხლე, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენი ჯარიც, ქვეყანაც ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უფრო მეტად გავძლიერდებით.
რა თქმა უნდა, ეს უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი რომ ვყოფილიყავი თქვენი ასაკის წარმომადგენელი, რადგან მართლაც უნიკალური პროექტია. თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით წარმატებული პროფესიონალები თქვენს დარგში, აუცილებლად, სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამშობლო მუდმივად თან უნდა გდევდეთ ნებისმიერ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში. სხვანაირად არ არსებობს თავისუფლება, მით უმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.