21 აგვისტო 2026,   07:14
ვრცლად
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა

ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა. ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა. ვახტანგ მახარობლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს პირველი საპატიო კონსული, პიტერ სოდერმანსი.

"საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საგრძნობლად ხელს შეუწყობს ლუქსემბურგსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული კავშირები, ხალხთა შორის ურთიერთობები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ წარმატებულები ვიყოთ,“ - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი.

სოდერმანსი წარმატებული ლუქსემბურგელი ბიზნესმენია. 12 წლის განმავლობაში მას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

"ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პოზიციის დაკავება. ვინაიდან, თავს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევ. ჩემი მიზანია, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებსა და გარკვეულ დიპლომატიურ ინიციატივებზე. რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, ვგეგმავ თანამშრომლობას სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, ლუქსემბურგელი ბიზნესმენებისთვის ბიზნეს სემინარის ორგანიზების მიზნით, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული", - აცხადებს პიტერ სოდერმანსი.

დღის ამბები