მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და თურქეთმა კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლონ უსაფრთხოების, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ქართული დელეგაცია და თურქული მხარე შეთანხმდა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეებში. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნება.
"რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარ, ვგულისხმობ ომებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით და სამხრეთით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და თურქეთმა კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლონ უსაფრთხოების, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, აქამდეც გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა ქართულ და თურქ საპარლამენტო დელეგაციებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. რა თქმა უნდა, მთავარი და ძირითადი საკითხი უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნებაა და ამაში აუცილებლად ვითანამშრომლებთ მომავალში, რათა რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თურქეთში ვიზიტი გრძელდება. ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები - ძირითადად ეს თემები განიხილა შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. ვიზიტი ხვალაც გაგრძელდება.