
სიძულვილისა და ცილისწამების კამპანია პოლიტიკური ოპონირების ნაცვლად - ურთიერთობის ეს სტილი, შალვა პაპუაშვილისთვის ევროპელი ბიუროკრატების ნაწილის წახალისებულია. პარლამენტის სპიკერმა "ღამის კურიერში" გაიხსენა თუ როგორ ითხოვდა ევროკავშირის ელჩისგან ძალადობის ფაქტების დაგმობას, თუმცა მხოლოდ დუმილი მიიღო. პაპუაშვილმა დღეს ისიც განმარტა, რომ უცხოური დაფინანსება ხშირ შემთხვევაში სწორედ იმ ძალებისკენ არის მიმართული, ვინც შეურაცხყოფისა და ბულინგის ყოველდღიურობაში დამკვიდრებას ცდილობს.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გინება, შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება თუ ბულინგი გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. მმართველი გუნდი კი ამ ფაქტების წინააღმდეგ მომზადებული საჩივრით ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს დგამს.
გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დანია, ფინეთი - ეს იმ ევროპული ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობითაც კი ისჯება. ოპონენტებს სწორედ ევროპული გამოცდილება შეახსენა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მმართველი ფრაქციის სარჩელის საფუძველზე, რომელიც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და ზიზღის გამოვლინებებს ეხება, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ოპოზიციისა და მედიის ნაწილი უკვე გამოიკითხა.
კრიტიკული პოზიციის სიძულვილის ენით გამოხატვას არაქართული მოვლენა უწოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი კამპანიები ძირითადად უცხოეთიდან ფინანსდება და მიზნად პოლარიზაციის გაღრმავებას ისახავს.
სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის 173-ე მუხლით გუშინ დაიწყო.
ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული ზიზღის კამპანია, რომლის მიზანი ღირებულებებისგან საზოგადოების დაცლა და ადამიანების დაპირისპირებაა. პასუხისმგებელნი კი ის უცხოელი დონორები და ელჩები არიან, ვინც ამას ახალისებენ და აფინანსებენ, და არა ეს წვრილფეხობა აგენტურა.