მმართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს და სვამს კითხვას - რატომ ერეოდა ელჩი საპარლამენტო არჩევნებში და რატომ ცდილობდა გავლენის მოხდენას მოქალაქეების განწყობაზე. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საელჩოს წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა "რუსთავი 2"-მაც.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს, მიზეზად კი "გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა დასახელებული.
მმართველი გუნდის ბრალდებებზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე: "ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დახმარება და, ზოგადად, გრანტები შეწყდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არაერთი დახმარება მიგვიღია სწორედაც რომ დემოკრატიის განვითარებაში, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერი გრანტები, მათ შორის, მედიის განვითარების მხარდამჭერი გრანტები... რა თქმა უნდა, ეს საჭიროა და ასე უნდა გაგრძელდეს, ამაში ცუდი არაფერია. ეს ნამდვილად ვერ გასაღდება და ვერ შეფასდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა."
კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია: "რომელიმე პარტიას არავინ არ უჭერს მხარს გარედან - დემოკრატიას უჭერენ მხარს. ხელისუფლებამ არ მისცა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოეხდინა, იმ დემოკრატიული პროექტის დაფინანსება, რაც საელჩოს მიაჩნია სწორად."