მუქარა ქართველი ხალხის მისამართით, ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობს.
"საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. უმრავლესობაში შანტაჟზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი გახდა.
"პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს, ოღონდ გარედან.
რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, არ მგონია, მისთვის ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში სასარგებლო იყოს, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ საკითხზე ლეგიტიმაციის დიდი პრობლემები აქვს.
სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ ტენდენციას, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, ამ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებამ საფრთხე არ შეუქმნას ადგილზე ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ პროცესებს, ამ მხრივ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ საკითხს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.