21 ივნისი 2026,   20:20
ვრცლად
ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიში ხარკოვზე - დაღუპულია ორი ადამიანი, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

ქალაქ ხარკოვზე  ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიში განხორციელდა - დაღუპულია ორი ადამიანი, დაიჭრა 50-ზე მეტი. მათ შორის არიან ბავშვები, იყო 20-მდე აფეთქება. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სათამაშო მოედნები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან მძიმედ დაჭრილები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სამხედროები დაიბრუნა. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გათავისუფლებულების ზუსტ რაოდენობას მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

ამავე დროს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება დაიწყო. მთავარ სამიზნედ რუსეთის ენერგეტიკა და საბანკო სექტორი სახელდება. საკითხზე ერთობლივი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაავრცელეს.

"ომი უნდა დასრულდეს. რუსეთი მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, ამიტომ ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის - მეტი ძლიერი სანქციით", - წერია ტექსტში. 

დღის ამბები