10 აგვისტო 2026,   16:54
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უკრაინის, ისრაელის, ეგვიპტისა და საქართველოს მოქალაქეები - ზოგი მათგანი დაფასოებულ ნარკოტიკს საკუთარი ბინის იატაკში მალავდა

6 შეკვრად დაფასოებულ ნარკოტიკს, 33 წლის მამაკაცი საკუთარი ბინის იატაკში მალავდა. გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ ამოიღო და 1 პირი ადგილზევე დააკავა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ 6 პირი, მათ შორის არიან უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ფორმით ყიდდა ე.წ ხელიდან ხელში გადაცემის და დადების მეთოდით.

ირკვევა, რომ სამალავებად ძირითადად სადარბაზოებს და ნაკლებად შესამჩნევ ადგილებს არჩევდნენ. სამართალდამცველებმა, ნარკოტიკული საშუალებები მითითებული ადგილებიდანაც ამოიღეს.

ბრალდებულების მიერ მითითებული სამალავებიდან, მათი ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ "სუბოტექსი", "კოკაინი" "მეტადონი","ბუპრენორფინი“, "კოდეინი", "ლირიკა" და "მარიხუანა" ამოიღო. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. ბრალდებულების ნაწილს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, ნაწილი კი საკუთარ ბინაშივე აიყვანეს.

საკუთარ ბინაში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელიც ლიბლიანას 40 ნომერში, ბინაში ქირით ცხოვრობდა. "კურიერის" ინფორმაციით, სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო. მეზობლებმა ნარკოდანაშაულის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე სადარბაზოდან ხელბორკილებით გაიყვანეს.

7 პირის საქმეზე გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით გრძელდება. დაკავებულები ახლა წინასწარ პატიმრობაში იყოფებიან, მათი უმეტესობა ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ნარკოტიკული საშუალებების გარდა, პოლიციამ ჩხრეკისას ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე მოიპოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.

ნარკოდანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები