დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიერ წარდგენილ ელჩს, აგრემანი - ანუ დასტური დანიშვნაზე გადასცა. ოფიციალურ თბილისს ამიერიდან ვაშინგტონში თამარ ტალიაშვილი წარმოადგენს. მისი დანიშვნის შესახებ მთავრობის განკარგულება პრეზიდენტს უკვე წარედგინა. ტალიაშვილი წლების განმავლობაში მმართველ გუნდს საკრებულოსა და პარლამენტში წარმოადგენდა, იყო პოლიციის აკადემიის პრორექტორი, 2022 წლიდან კი საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში.
ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნებისა და უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "კურიერის" ინფორმაციით, დასტური დიპლომატის დანიშვნაზე ქართულმა მხარემ ელჩ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის დღეს მიიღო. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და თანასწორობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
ელჩის დანიშვნაზე თანხმობა არაფერს ამბობს ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაცია რომელიც საქართველოდან დანიშნულ ელჩთან თანამშრომლობას აპირებს, მთავრობას არ აღიარებს და მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდი ტრადიციულად სპეკულაციასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი პოზიტიურ სიგნალს იძლევა. კანონმდებლების აზრით, ურთიერთობების გადატვირთვა კი სწორედ პარტნიორი ქვეყნის ნაბიჯებსა და სურვილზე იქნება დამოკიდებული.
თამარ თალიაშვილი პროფესიით იურისტია. წლების განმავლობაში ის სადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა, გერმანიაში მაქს-პლანკის ინსტიტუტში. სწავლობდა დანიასა და გერმანიაში. ტალიაშვილი 2017 წლიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. 2020 წელს გახდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2022 წელს დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. შტატებში გადასვლის შემდეგ მის ადგილს ევროსაბჭოში ხატია წილოსანი დაიკავებს.