სახელისუფლებო გუნდი არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას კვლავ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია, აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვაზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში დაამტკიცა. ამ ფონზე, ხელისუფლებისთვის გაუგებარია, რატომ არ კეთდება კრიტიკული განცხადებები არასამთავრობოების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტის მისამართით. "ოცნებაში" იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც, საქართველოს პარლამენტმა იდენტური შინაარსის კანონი მიიღო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მას დემოკრატიის უკუსვლად აფასებდა.
"კურიერი" დღეს დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა აზრი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", ე.წ. ნიღბების კანონის ამერიკაში მიღების შემდეგ. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, საია-ში საუბარი არ ისურვეს.
დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები სასწრაფოდ - ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი ლოს ანჯელესში მომხდარ მოვლენებს, სადაც რამდენიმე დღეა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება. ტრამპი ახალი წესის ამოქმედებას დაუყოვნებლივ ითხოვს. შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს პარლამენტის სპიკერიც გამოეხმაურა.
ის, რაც დემოკრატიულია ამერიკაში, მიუღებელია საქართველოში - ასეთია ოპოზიციის მიდგომა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შტატები სხვა ფასეულობებსა და ინსტიტუციებზე დგას, და ქართულ რეალობასთან მისი შედარება არასწორია.
ორმაგი სტანდარტი, ძალადობის მუდმივი წახალისება, არაევროპული მიდგომები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტების პოზიციებს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების თქმით, დეკემბერში საქართველოში მიღებული კანონის ანალოგის ამერიკაში მიღება ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხოების გამოწვევებს მაღალი სტანდარტით ებრძვის.
საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში მიიღო. ანალოგიური მიდგომით დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ნორმებს ამიერიდან შეერთებულ შტატებშიც დაარეგულირებენ.