21 აგვისტო 2026,   09:48
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ სტრატეგიას უწუნებს ყველას, ვინც "ძლიერი საქართველო" არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო გააკრიტიკა - ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება

"ლელოს" ლიდერმა კონტრიერიში მოქმედ და ყოფილ "ნაციონალებზე" მიიტანა. მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნა ყველას, ვინც "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

მამუკა ხაზარაძეს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს გვარამია-მელიას გუნდი. პრინციპულად განსხვავებული პოზიციების გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" "ლელოს" ლიდერთან პირისპირ დიალოგზე უარს, საჯარო დებატებს კი კონკრეტული პირობით თანხმდება.

ბოიკოტი "ლელოს" "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე გამოუცხადა. ექსპრეზიდენტის პარტიამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს უთხრა, რომ ოპოზიციურ ველზე მათ ლიდერობას არასდროს დაუშვებს. სააკაშვილის გუნდში ითქვა უფრო მეტიც - რომ ძლიერ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებზე გასვლის ყველა გზას მოუჭრიან.

პარტიის წევრების შემდეგ, იყო მათი ლიდერი. მიხეილ სააკაშვილმა გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებს წარსული გამოცდილება სასამართლო პროცესიდან შეახსენა.

ექსპრეზიდენტს დღეს ექსპრემიერის გუნდიდან უთხრეს, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებენ, თუ ბარიერგადალახულები მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე იმსჯელებენ.

4 ოპოზიციურ გაერთიანებას პოლიტიკურ ტაქტიკას უწუნებს "გირჩი". პარტიაში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადებიან, დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია შეთანხმებას ვეღარ მიაღწევს.

ოპოზიციის დამარცხებასა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველ გუნდი - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა პოლიტიკური პერსპექტივა უცხოელი დამფინანსებლებისა და ანტისახელმწიფოებრივი დაკვეთების შესრულების გამო დაკარგეს.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები