21 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
კამპანიები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ - გერმანული გამოცემა "ველთი" სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

კამპანიები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ - გერმანული გამოცემა "ველთი" სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მედიის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ევროკომისიამ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს საეჭვო ლობირების მცდელობებისთვის, დიდი ოდენობის თანხა გადაუხადა. მედია წერს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებულ გრანტებს რადიკალური პროექტებისთვის იყენებდა, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამებოდა.

გერმანული გამოცემა აქცენტს სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობაზეც აკეთებს. წერს, რომ პროტესტების მხარდაჭერამ, ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი ხასიათიც გამოავლინა.

გახმაურებულ საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობა პარალელს საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებთან ავლებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოც იმ საერთო სქემაში აღმოჩნდა, რომელშიც გადაწყვეტილებებს კონკრეტული უცხო ძალები იღებენ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ევროპული ფულის გამჭვირვალობაზე ინფორმაცია არ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კი ამბობენ, რომ ევროკავშირი და გერმანია სირთულეებს თავად მოაგვარებენ.

ევროპის აუდიტის სამსახურის დასკვნას იხსენებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებამ გაუმჭვირვალედ დახარჯულ მილიარდობით ევროზე ამომწურავი ინფორმაცია დოკუმენტურად მიიღო. უმრავლესობის წევრები ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული ჯგუფების ინტერესებს საქართველოშიც ხედავენ.

ევროკომისიის მხრიდან ფარულად დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ენერგორესურსების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებზე, გერმანული პრესა მეორე დღეა საუბრობს.

დღის ამბები