იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა და, ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად, არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა.
დღესვე გაიხსნა საქართველოს ეროვნული არქივის პირველი სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია "საქართველოს არქივები". კონფერენცია მიზნად ისახავს არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებასა და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას. კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული არქივის თანამშრომლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
არქივების საერთაშორისო დღე – 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA) დააწესა. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) წევრია და ამ საზეიმო თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
"დავაჯილდოვეთ არქივის დამსახურებული თანამშრომლები, კიდევ ერთხელ ვულოცავ არქივის თანამშრომლებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და დაჯილდოებულებს, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გადავცემ ერთგული საქმიანობისთვის,"- აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.